ნიკა გვარამია - ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება, ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა - თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია - Palitra News

ნიკა გვარამია - ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება, ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა - თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია

2026-04-18 16:05:19+04:00

სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ არ გვჯერა ხოლმე, თორემ ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება -არც კობახიძის მიერ აკიდებული მძიმე ტვირთი ემარტივება და არც მისი სიტყვების სჯერა, რითაც ისტერიული წარუმატებელი "პრემიერი" ცდილობს დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამია მოუწოდებს საზოგადოებას 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ არ გვჯერა ხოლმე, თორემ ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა. კიდევ იქნება ასეთები, არაერთი.

არც კობახიძის მიერ აკიდებული მძიმე ტვირთი ემარტივება და არც მისი სიტყვების სჯერა, რითიც ისტერიული წარუმატებელი "პრემიერი" ცდილობს დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. დაახლოვებით იგივეს ეუბნება კობახიძე ბიძინას, რასაც ხშირად აქაც წაიკითხავ: არაფერი არ გამოუვა ალიანსს, ხალხი არ გამოვა, უცხოელები დაგვითმობენ, ყველაფერი კარგადაა. და კვლავ, ამისი ინდიკაციაცაა კობახიძის ლატერნატივების გამოგორება და შეთავაზება, საზოგადოების დატესტვა, რა დაამშვიდებს.

ბევრი ხალხის შიში ჰქვია ამას და თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია.

26 მაისს თუ ბევრი ვიქნებით, "კაცმა არ იცის რა მოხდება". ბიძინას სჯერა, ისღა დარჩა, ჩვენც დავიჯეროთ, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს და ბევრნი ვიყოთ.

გვახსოვდეს და თავი არ მოვიტყუოთ: თავებს ყველა ითვლის - ბიძინაც, უცხოელებიც და ჩვენც.

ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე!“- წერს გვარამია.