საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია სთავაზობენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „სიმბოლური“ შეღავათების მინიჭებას, რაც გამორიცხავს კიევის წვდომას ბლოკის საერთო ბიუჯეტზე და ხმის მიცემის უფლებას, სრულფასოვან გაწევრიანებამდე. აღსანიშნავია, რომ მანამდე პარიზსა და ბერლინში უარყვეს ევროკომისიის წინადადებები გაწევრიანების პროცესის გამარტივების შესახებ. გერმანიის წინადადება გულისხმობს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას, რომლის ფარგლებშიც, კიევი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის მინისტრებისა და ლიდერების შეხვედრებში, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება და ავტომატური წვდომა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტთან. ბერლინის წინადადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალ სტატუსს „სიმბოლურ ძალა“ ექნება და მისი მინიჭება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი პროცედურები.