2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 26%-ით შემცირდა, ასევე 27%-იანი კლება განიცადა ექსპორტმაც - Palitra News

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 26%-ით შემცირდა, ასევე 27%-იანი კლება განიცადა ექსპორტმაც

2026-04-21 14:07:19+04:00

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 26%-ით შემცირდა, ასევე 27%-იანი კლება განიცადა ექსპორტმაც. ამასთან, ამავე საანგარიშო პერიოდში შეიცვალა იმპორტიორი ქვეყნების სამეულიც. თუ წლების განმავლობაში უპირობო ლიდერები იყვნენ - აშშ, იაპონია და გერმანია, წელს ეს უკანასკნელი ჩინეთმა ჩაანაცვლა, საიდანაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რაოდენობრივად, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის 100%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2025 წლის პირველ სამ თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 870 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 1 732 ერთეული შეადგინა.უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 632 მლნ დოლარის ღირებულების 40 182 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 856 მლნ დოლარის 47 425 ერთეული. გერმანია სამეულს მიღმა დარჩა - ის ავტომობილების იმპორტში ჩინეთმა ჩაანაცვლა. იმ ქვეყნების პირველი ხუთეული, სადაც საქართველომ წელს 3 თვეში ყველაზე ბევრი მსუბუქი მანქანა იყიდა, ასე გამოიყურება: აშშ, იაპონია, ჩინეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა. რაც შეეხება ექსპორტს, აქაც კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან დაახლოებით 500 მლნ დოლარის ღირებულების 20 250 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, წელს კი 364 მლნ დოლარის 14 237 ერთეული. ქვეყნების ხუთეული კი, სადაც იანვარ-მარტში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ასე გამოიყურება, ამავე თანმიმდევრობით: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.