დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. მოთხოვნების შესრულებამდე ისინი მთავრობის კანცელარიასთან საპროტეტო აქციებს აანონსებენ. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ საგრძნობლად შეანელებს დაავადების პროგრესირებას. არადა გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მედიკამენტის ფუნქცია არა სიცოცხლის გადარჩენა, განკურნება, ან თუნდაც სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ეტლის საჭიროების გადავადება, და ამ ნაწილშიც უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მისი თქმით, ვიდრე არ დადასტურდება შესაბამისი წამლების ეფექტიანობა და უსაფრთხოება, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის პროტოკოლი ვერ დამტკიცდება.