მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის სასამართლომ ოლიგარქსა და „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ვლადიმირ პლახოტნიუკს თაღლითობის საქმეზე, კერძოდ ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეზე, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი კიშინიოვის სასამართლოში განაჩენის გამოტანის პროცესს არ დაესწრო. პლახოტნიუკი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
პროკურატურა პლახოტნიუკისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პლახოტნიუკი მიმალვაში 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2025 წლის ივლისში საბერძნეთში, კერძოდ ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში გაფრენას გეგმავდა. 2025 წლის სექტემბერში პლახოტნიუკის საბერძნეთიდან მოლდოვაში ექსტრადიცია განხორციელდა.