2026 წლის მარტში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა - Palitra News

2026 წლის მარტში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა

2026-04-23 14:01:52+04:00

2026 წლის მარტში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჰიდროგენერაცია 8.6%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. ამის პარალელურად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი გაიზარდა 34%-დან 42%-მდე, რაც სისტემის გაზრდილ იმპორტდამოკიდებულებას და ახალი გენერაციის წყაროების საჭიროებაზე მიუთითებს. კვლევაში ნათქვამია, რომ თურქეთი განმეორებით გამოჩნდა ტოპ იმპორტიორთა შორის, რაც მკვლევართა აზრით იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. აქვე ნათქვამია, რომ ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა.

კვლევის თანახმად, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას კვლავ აჩვენებს. 2026 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8%-ით გაიზარდა, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, განსაკუთრებით ცივ ზამთარს და იანვარ-თებერვალში მონაცემთა დამუშავებისა და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. 2026 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა ჰიდროგენერაციაც, რაც ძირითადად ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 70.4%-იანი ზრდით აიხსნება, თუმცა ეს მეტწილად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგია. მიუხედავად ახალი სიმძლავრეების დამატებისა, როგორც ზემოთ ითქვა, ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა და მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს. შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში მოხმარების ნახევარზე მეტი კვლავ თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და მარტში ეს მაჩვენებელი წლიურად გაუარესდა, კვარტლის ჭრილში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა“, - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.