საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ჩამონათვალს სახელმწიფო ავიაციის სფერო ემატება - Palitra News

საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ჩამონათვალს სახელმწიფო ავიაციის სფერო ემატება

2026-04-23 14:02:50+04:00

საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ჩამონათვალს სახელმწიფო ავიაციის სფერო ემატება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ 21 აპრილს გამოცემული დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტი საჯარო სექტორში დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ნუსხასა და მათი შრომის ანაზღაურების წესს არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე იშვიათ, დეფიციტურ და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ნუსხაში ისეთი სფეროები შედიოდა: როგორიც არის IT სექტორი და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო; ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფერო; სამოქალაქო ავიაციის სფერო; საზღვაო სფერო და ჰიდროგრაფიული სფერო. ამ სექტორებში სახელმწიფო ავიაციის სფეროს დამატებით, განისაზღვრება პროფესიები, რომლებიც იშვიათ და დეფიციტურ კატეგორიაში გავლენ. ეს პროფესიებია: მფრინავი და მფრინავი-ნავიგატორი; ინჟინერი და ბორტ-ინჟინერი; ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი; ტექნიკოსი და ბორტ-ტექნიკოსი. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ბაზარზე იშვიათ, დეფიციტურ და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ჩამონათვალში ამ სპეციალობების დამატება ნიშნავს იმას, რომ მათი შრომის ანაზღაურება აღემატება ამავე კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით, საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას.