ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა - Palitra News

ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა

2026-04-23 14:04:14+04:00

„ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა“, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში. კვლევის მიხედვით, შემცირებულია ვიზიტორების რაოდენობა ინდოეთიდანაც, რაც ძირითადად ორი მიზეზით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად კი ინდოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 29.5%-ით შემცირდა, რაც ერთის მხრივს ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების შეჩერებას და ასევე, ინდოეთიდან ქუთაისის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების შეზღუდვას უკავშირდება“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში. „2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1 მილიონ 200 ათასი შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობა წლიურად 4%-ით გაიზარდა და 1 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები წლიურად 19%-ით შემცირდა და 200 ათასი შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და ევროკავშირიდან დააკომპენსირა ვიზიტორების კლება ახლო აღმოსავლეთიდან. „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. „ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარზე იქონიებს გავლენას. თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურისტების ზრდა, ასევე, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს ტურისტების საერთო ზრდას 2026 წელს. ამასთან, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს“, - ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.