ირანის ომი კავკასიის სუვერენული სახელმწიფოებისთვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რაც კონფლიქტის პირდაპირ შედეგებს კი არა, არამედ, ძირითადად, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის ხარჯის ზრდას მოიცავს - Palitra News

ირანის ომი კავკასიის სუვერენული სახელმწიფოებისთვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რაც კონფლიქტის პირდაპირ შედეგებს კი არა, არამედ, ძირითადად, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის ხარჯის ზრდას მოიცავს

2026-04-23 14:05:46+04:00

ირანის ომი კავკასიის სუვერენული სახელმწიფოებისთვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რაც კონფლიქტის პირდაპირ შედეგებს კი არა, არამედ, ძირითადად, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის ხარჯის ზრდას მოიცავს. ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings წერს. კერძოდ, Fitch-ის შეფასებით, ხანგრძლივი შოკი ინფლაციის რისკებს გაზრდის და საგარეო დეფიციტს გააფართოებს, განსაკუთრებით, სომხეთსა და საქართველოში, რომლებიც ენერგომატარებლების წმინდა იმპორტიორები არიან. თუმცა უფრო ძლიერი საერთაშორისო რეზერვები, ჯერჯერობით შეზღუდული სავალუტო ზეწოლა და საკმაოდ მყარი ენერგომომარაგება, სუვერენული რეიტინგების მოკლევადიან რისკებს ზღუდავს. Fitch, ასევე პროგნოზირებს, რომ პოლიტიკის შემქმნელები რეაგირებას მოახდენენ, თუკი მეორადი ინფლაციური ეფექტები ან არასტაბილური ინფლაციის მოლოდინები წარმოიქმნება და გაცვლითი კურსები შესუსტდება. “ენერგომატარებლებზე საერთაშორისო ფასების ზრდა ტრანსპორტის, კომუნალურ და სასურსათო ხარჯზე გავლენას მოახდენს და შესაძლოა, ინფლაცია ამჟამინდელი ზომიერი დონიდან აწიოს. ზეწოლა, ასევე, შესაძლოა, სასუქისა და სხვა იმპორტირებული რესურსის მაღალმა ფასებმა მოახდინოს. ამის მიუხედავად, რეგიონში რეალური საპროცენტო განაკვეთები დადებითი რჩება. ეს ცენტრალურ ბანკებს გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რომ თუ შოკი გაგრძელდა, უფრო ფართო ინფლაციური ეფექტები შეაკავონ,” - წერს სააგენტო. Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.3%-მდე გაიზრდება, ხოლო სომხეთის, 5%-ს მიაღწევს.“ამის მიუხედავად, სარეზერვო ბუფერები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოსა და სომხეთში, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა, 2022 წლიდან მოყოლებული ძლიერი მაჩვენებლების შემდეგ, მხოლოდ ოდნავ შენელდება,” - წერს Fitch.

ამასთან, Fitch-ის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთისთვის ენერგომომარაგების პირდაპირი რისკები შეზღუდულია. კერძოდ, საქართველო გაზის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანიდან იღებს, რომლის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა პირდაპირი რისკის ქვეშ არ დგას. სომხეთს რუსულ „გაზპრომთან“ გაზის ფიქსირებულ განაკვეთზე ხანგრძლივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. ასევე, სუსტია ვალუტის გაცვლით კურსზე ზეწოლაც. კერძოდ, ირანის ომის პირველ თვეში ქართული ლარი და სომხური დრამი აშშ-დოლართან მიმართებაში, ზოგადად, სტაბილური იყო.