გიორგი სიორიძე - როცა საქმე ეხება მინისტრებს, სუს-ის უფროსს, მათ კარგად იციან, რომ არ აქვთ ხალხის მანდატი, მათ აქვთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მანდატი და როცა მოისურვებს ხან ციხის გზას გაუყენებს ხოლმე, ხან შეუქმნის პორტფელს - Palitra News

გიორგი სიორიძე - როცა საქმე ეხება მინისტრებს, სუს-ის უფროსს, მათ კარგად იციან, რომ არ აქვთ ხალხის მანდატი, მათ აქვთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მანდატი და როცა მოისურვებს ხან ციხის გზას გაუყენებს ხოლმე, ხან შეუქმნის პორტფელს

2026-04-23 15:50:25+04:00

როცა საქმე ეხება მინისტრებს, სუს-ის უფროსს, მათ კარგად იციან, რომ არ აქვთ ხალხის მანდატი, მათ აქვთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მანდატი და როდესაც მოისურვებს ხან ციხის გზას გაუყენებს ხოლმე, ხან შეუქმნის პორტფელს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამთავრობო „კარუსელები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არის არასტაბილურობა.

„ეს სამთავრობო „კარუსელები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არის არასტაბილურობა, არის ქაოსი და ერთადერთი ადამიანი, ვინც წყვეტს მსგავს ნაბიჯებს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ აქვს მაინცდამაინც პრაგმატული ლოგიკა თავისი შიშების, პარანოიული შეტევების გამო, შეიძლება ჰქონდეს მოტივები. როცა საქმე ეხება მინისტრებს, სუს-ის უფროსს, მათ კარგად იციან, რომ არ აქვთ ხალხის მანდატი, მათ აქვთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მანდატი და როდესაც მოისურვებს ხან ციხის გზას გაუყენებს ხოლმე, ხან შეუქმნის პორტფელს, ისევე როგორც შეუქმნეს მამუკა მდინარაძეს, რომელიც აბსურდული შინაარსისაა. მათი ყველაზე ბრმად მორწმუნე ამომრჩევლები თუ დაიჯერებენ, რომ ამის საჭიროება დადგა ახლა - ძალოვანი უწყებების კოორდინაციის. სინამდვილეში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ექნება შედარებით უფრო მეტი ძალაუფლება და ვის ნაკლები, იმიტომ, რომ ყველა ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ძალოვან სფეროში, იღებს პირადად ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.