თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენით ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს კი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც.