თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული - აქაურებს, ვინც შეიძლება ბლაჟევიჩის ავანტიურაში გაეხვას, ვაფრთხილებ: ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის და მერე არ თქვან, პოლიტპატიმრები ვართო - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული - აქაურებს, ვინც შეიძლება ბლაჟევიჩის ავანტიურაში გაეხვას, ვაფრთხილებ: ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის და მერე არ თქვან, პოლიტპატიმრები ვართო

2026-04-24 12:21:37+04:00

ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი - აქაურებს, ვინც შეიძლება ამ „ბლაჟევიჩის ავანტიურაში” გაეხვას (ეს რაღაც ერთიანი სურათი ჩანს), ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის - მერე არ თქვან, რომ პოლიტპატიმრები ვართ ან მსგავსი რაღაცები, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება.

მისი თქმით, ერი ასეთი მუქარების დროს უფრო იკვრება, ვიდრე იშლება.

„ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და რაღაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ბლოკირება ან ამ თემაზე ლაპარაკი - პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა. საქართველოს მოსახლეობაში ყოვლად დაუშვებელია ასეთი ტიპის განცხადებების, შანტაჟისა და მუქარის გავრცელება.

იცოდნენ, ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობენ. ერი ასეთი მუქარების დროს უფრო ვიკვრებით, ვიდრე ვიშლებით. როდესაც ჩვენ ომით და სისხლისღვრით გვემუქრებიან, უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანებიც კი შეიძლება ერთად დადგნენ. ასე რომ, აქაურებს, ვინც შეიძლება ამ ბლაჟევიჩის ავანტიურაში გაეხვას (ეს რაღაც ერთიანი სურათი ჩანს), ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის - მერე არ თქვან, რომ პოლიტპატიმრები ვართ ან მსგავსი რაღაცები. ადრეც ვაფრთხილებდით ხოლმე, რომ არ გააკეთოთ ეს, მაგრამ ეს იმაზე ათჯერ უარესია. აქ სამოქალაქო ომზე და ერთმანეთის სისხლის დაღვრაზე გველაპარაკებიან. ეს უპასუხოდ არ დარჩება. საქართველოს სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.