ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, მუქარა და ქართველი ხალხის შანტაჟი - ასე შეაფასეს ქართულ ოცნებაში საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომლის თანახმადაც , მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს დაუბრუნდება. უმრავლესობის წევრების შეფასებით, ევროპელი დიპლომატი ქართველ ხალხს ომითა და გაღარიბებით ემუქრება, რის გამოც მას განმარტებების გაკეთება ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწევს. ოპოზიცია ჰერჩინსკის განცხადებაში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს პირველ რიგში „ქართული ოცნებაა“.