უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას დღევანდელი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს უკრაინამ და აზერბაიჯანმა სხვადასხვა სფეროებში ექვსი შეთანხმება გააფორმეს. მთავარი საკითხი თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსია. ჩვენ თანამშრომლობას გავაძლიერებთ. ასევე, განვიხილეთ ენერგეტიკული ინიციატივების გაგრძელებისა და ახალი ინიციატივების დაწყების საკითხი“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და მშვიდობის აღდგენის ძალისხმევის საკითხს.
„მადლობას ვუხდი აზერბაიჯანს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ვაფასებ ღრმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, მათ შორის თავდაცვის სექტორში. ჩვენ წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და მალე ახალ დოკუმენტებსაც გავაფორმებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.