ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან - დიპლომატმა განმარტებები უნდა გააკეთოს საკუთარ განცხადებებზე, რომელიც მან ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს შესახებ გააჟღერა. კერძოდ, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს დაუბრუნდება. „ქართული ოცნების“ წევრებმა ელჩის განცხადებები მუქარად და ქართველი ხალხის შანტაჟად მიიჩნიეს, აღნიშნეს, რომ ევროპელი დიპლომატი ქართველ ხალხს ომითა და გაღარიბებით ემუქრება, ოპოზიცია ჰერჩინსკის განცხადებაში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს პირველ რიგში „ქართული ოცნებაა“.