„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილი ევროპელ დიპლომატს ცერემონიების სასახლეში შეხვდა, სადაც, რამდენიმე კვირაა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა. თავად ევროპელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. ბრიუსელში ვიზიტის დროს ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს დაუბრუნდება. ქართული ოცნების წევრებმა ელჩის განცხადებები მუქარად და ქართველი ხალხის შანტაჟად მიიჩნიეს.