“მიეცით ბავშვებს წამალი” - ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.
მშობლების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ბავშვები წამალს არ მიიღებენ.
“ჩვენი პროტესტი დაიწყო ორი წლის წინ. სანამ ქუჩაში გამოვიდოდით, ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა საუბარი. ვცდილობდით კონსტრუქციული გზით დაკმაყოფილებულიყო ჩვენი მოთხოვნა. პირდაპირ ქუჩაში არ გამოვსულვართ, როგორც ეს საზოგადოების ნაწილს ჰგონია.
წამლის შესახებ ინფორმაცია ChatGPT -ით არ მოგვიძებნია. დავდივართ კონფერენციებზე, ევროპის ორგანიზაციებში ვართ გაწევრიანებულები. თითოეული წამალი შესწავლილი გვაქვს თუ როგორ გაიარეს კვლევები” , - აცხადებს დიუშენის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა, თაკო გოგალაძე.
საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, დიუშენის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა შეუძლოდ გახდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქალი, რომელიც შეუძლოდ გახდა, რეგიონიდან არის ჩამოსული და ის რამდენიმე დღეა ღამეს ათენებს.
“ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა, ბავშვებთან ერთად მშობლებიც დაგვხოცონ”, - აცხადებენ მშობლები.
მშობლები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, სწორედ ამ მიზნით, მშობლები ერთ კვირაზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან და ღამეს ათევენ.
დღევანდელ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ.