ფრიდრიხ მერცი - ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის ჰქონდა, ეს არ გამოვა, 2028 წლის იანვარიც კი არარეალურია - Palitra News

ფრიდრიხ მერცი - ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის ჰქონდა, ეს არ გამოვა, 2028 წლის იანვარიც კი არარეალურია

2026-04-27 22:47:56+04:00

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული.

„რაღაც მომენტში უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელს მოაწერს. იმედია, რაღაც მომენტში, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს. ამის შემდეგ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, „თუ ზელენსკის ამის შესახებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მხარდაჭერის მოპოვება სურს, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს“.

„მან ხალხს უნდა უთხრას: „მე თქვენთვის ევროპისკენ გზა გავხსენი“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე, მერცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასახელებული ვადები არარეალურია.

„ზელენსკის ევროკავშირში 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის გაწევრიანების იდეა ჰქონდა. ეს არ გამოვა. 2028 წლის 1-ელი იანვარიც კი არარეალურია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.