გიორგი შარაშიძე - რა ვიცე-პრემიერობაზე და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს, აპარატიც არ ექნება და მდივანიც არ ეყოლება - მდინარაძეს ვურჩევდი, ამ კაბინეტზეც ძალიან ნუ იქნება ჩაციკლული და დისტანციურად იმუშაოს, სახლიდან - Palitra News

გიორგი შარაშიძე - რა ვიცე-პრემიერობაზე და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს, აპარატიც არ ექნება და მდივანიც არ ეყოლება - მდინარაძეს ვურჩევდი, ამ კაბინეტზეც ძალიან ნუ იქნება ჩაციკლული და დისტანციურად იმუშაოს, სახლიდან

2026-04-28 12:08:58+04:00

რა ვიცე-პრემიერობაზე და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს, აპარატიც არ ექნება და მდივანიც არ ეყოლება მდინარაძეს - ვურჩევდი, რომ ამ კაბინეტზეც ძალიან ნუ იქნება ჩაციკლული და დისტანციურად იმუშაოს სახლიდან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებისთვის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გენერალ-კოორდინატორის დანიშვნა არაფერს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ ეს მისი „დროებითი დაკმაყოფილება და პენსიაზე გაშვება იქნება“.

„დაგეგმილ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების პრობლემების გადაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობის მორიგი გამოვლინება. „ოცნებას“ და იმ 89 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ზის, არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომელსაც მათ არავინ არ უთანხმებს, უბრალოდ „გააპრავონ”. რა ვიცე-პრემიერობაზე და სახელმწიფო მინისტრობაზეა საუბარი, კაბინეტსაც კი არ აძლევენ ნორმალურს, აპარატიც არ ექნება და მდივანიც არ ეყოლება მდინარაძეს. მას ვურჩევდი, რომ ამ კაბინეტზეც ძალიან ნუ იქნება ჩაციკლული და დისტანციურად იმუშაოს მაშინ, სახლიდან.

თუ კოორდინაცია არის ასეთი მნიშვნელოვანი - კოორდინაციისთვის სუს-ის ხელმძღვანელს ექვს თვეში არ ხსნიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ექვსი წლის ვადით შემთხვევით არ ინიშნება - ეს ჩანაწერი კანონში შემთხვევით არ არის. ვხედავთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში უკვე ორი სუს-ის უფროსი შეიცვალა. ეს მიუთითებს არასტაბილურ გარემოზე და არაფორმალურ მმართველობაზე. ადამიანს ერთ დღეში გენერლობა მიანიჭეს დილით და საღამოს კოორდინატორად დააქვეითეს - ამ ადამიანისგან რა განსაკუთრებული მოლოდინები უნდა შევქმნათ?

რაც შეეხება კოორდინატორობას - თავად „ოცნებამ“ შემოიტანა ეს ტერმინი და გუშინ ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი გიგა ფარულავა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, როდესაც ფაქტს ამბობდა, რომ კოორდინატორად ნიშნავთო, ისეთი გაღიზიანება მოჰყვა, ლექსიკა და ტონი დაუწუნეს. ეს კოორდინატორი „ოცნების“ მიერ შემოღებული ტერმინია და თუ მათთვის ეს შეურაცხმყოფელია, მაშინ თავად ახსნან საერთოდ საიდან მოიტანეს ეს ტერმინი. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ეს გენერალ-კოორდინატორის დანიშვნა არაფერს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეს იქნება რაღაცა მისი დაკმაყოფილება დროებით და პენსიაზე გაშვება, ეს არის რეალობა“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება.