პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით განიხილეს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება. პოსტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ამ წუთებში კი პარლამენტში გელა გელაძეს უსმენენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, მის დამტკიცებას დეპუტატები კენჭს დღესვე უყრიან. ბოლო პერიოდში სუს-ის უფროსი მესამედ შეიცვალა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუსი- ქონებისა და წოდებების დაგროვების ადგილად იქცა, ცვლილებები კი პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის სურვილებთან და მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებასთან.