ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში დიუშენის სინდრომის თემაზეც მოუწევს პასუხების გაცემა. მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით სწორედ დღეს მოუსმენენ - მას 24 შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაა. ამავდროულად, მშობლები პროტესტს აგრძელებენ და მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ, მათ შორის ახალი მედიკამენტების დანერგვასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას უცვლელად ტოვებს და განმარტავს, რომ პრეპარატების ეფექტიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ არსებობს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პაციენტების საჭიროებებს სათანადოდ არ პასუხობენ.