ევროკავშირის ელჩის განცხადებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკის შეფასებებს მწვავედ აკრიტიკებს და მათ ქვეყნის სუვერენიტეტზე ზემოქმედების მცდელობად აფასებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ელჩის გზავნილები ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება. ამის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. ევროკავშირის საელჩოში განმარტავენ, რომ ევროგაერთიანებაში გაწევრიანება მხოლოდ ქვეყნის კონკრეტული არჩევანია. ოპოზიცია ევროკავშირის მოსაზრებას იზიარებს და „ქართულ ოცნებას“ არადიპლომატიურ ქმედებებში სდებს ბრალს.