მთავრობამ ახალი მინისტრის თანამდებობას ქმნის და ამ ინიციატივას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მთავრობაში სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნება, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პროექტით გათვალისწინებულია, რომ მის საქმიანობას ადმინისტრაციულად და ფინანსურად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ოპოზიცია ამ ინიციატივას კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი თანამდებობის შექმნა გაუმართლებელია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მას ცალკე აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება. მმართველ გუნდში კი ამ შეფასებებს არ იზიარებენ და ხაზს უსვამენ მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ როლს. ამავდროულად, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გეკა გელაძე აირჩია.