,,ქართული ოცნება’’ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში, პირველ პოზიტიურ ნიშნებს, მაისში აანონსებს. მმართველი ძალის წევრების მტკიცებით, საზოგადოება კონკრეტულ შედეგებს მომდევნო თვეში იხილავს. ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის დიალოგზე საუბრისას, ვისთან კომუნიკაციას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა სხვადასხვა ტიპის შეხვედრების გამართვას, ჯერ კიდევ აპრილის თვეში აანონსებდა, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძეც. თუმცა, აპრილმა ხელშესახები შედეგების გარეშე ჩაიარა, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა, მითუმეტეს, როგორც ამბობენ, არსებობს ქართული მხარის მზაობა - ორი ერის, ორი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ურთიერთობებისთვის. განცხადებების ფონზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოში ჩამოდის. საელჩოში კი ამბობენ, რომ გამოსაცხადებელი არაფერი აქვთ.