ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადების დეტალები დააზუსტონ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადების დეტალები დააზუსტონ

2026-04-30 13:06:51+04:00

ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადების დეტალები დააზუსტონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მშვიდობის მიღწევისკენ ისწრაფვის და ამ ომის რეალურად დასრულებისთვის საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ასრულებს.

„ჩვენ დავაზუსტებთ, კონკრეტულად რაზეა საუბარი - მოსკოვში აღლუმისთვის რამდენიმე საათიანი უსაფრთხოების თუ სხვა რაიმე უფრო მეტის შესახებ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის წინადადება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა და ხანგრძლივი მშვიდობაა.

„უკრაინა მზად არის, ამისთვის ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში იმუშაოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.

„გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს. ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.