ბოლო ორი თვის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია და კრიტიკულ ზღვრამდეც არის მისული - გასაგებია ისიც, ჰორმუზის სრუტის კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ ერთი ყველაზე დაბალი ფასი იყო, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
ბერეკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დიდწილად გამოწვეულია საერთაშორისო ფაქტორებით. კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი დაძაბულობით. შესაბამისად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია და კრიტიკულ ზღვრამდეც არის მისული.
ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სექტორთან შეხვედრა. ჩვენთვის გასაგებია ისიც, რომ აღნიშნულ კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ ერთი ყველაზე დაბალი ფასები იყო, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ფასების ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე არის ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ბერეკაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის დაწყებისას.