ყველაზე დიდი სანავთობო კრიზისი მსოფლიოში - Palitra News

ყველაზე დიდი სანავთობო კრიზისი მსოფლიოში

2026-04-30 14:22:34+04:00

ყველაზე დიდი სანავთობო კრიზისი მსოფლიოში. მსოფლიო ბანკი ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების 24%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობის უღარიბესი ფენა დაზარალდება. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეზღუდვამ, ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო კრიზისი გამოიწვია, რამაც ნედლი ნავთობის მარაგი დღეში, დაახლოებით, 10 მლნ ბარელით შეამცირა. პიკური მდგომარეობიდან აღდგენის შემდეგაც კი, აპრილის შუა რიცხვებში, Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი, წლის დასაწყისში არსებულ დონესთან შედარებით, 50%-ზე მეტად მაღალი იყო. მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ამ კლასის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 86 დოლარი იქნება, მაშინ, როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 69 დოლარს შეადგენდა. ამ პროგნოზით, მაისში ჰორმუზის სრუტეში პირობები გაუმჯობესდება და წლის ბოლოსთვის მიწოდება ომამდელ დონემდე თანდათანობით აღდგება. ამასთან, ფერადი ლითონის, მათ შორის, ალუმინის, სპილენძისა და კალის ფასები ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ნაწილობრივ მონაცემთა ცენტრებისა და ელექტრომობილების მწარმოებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ძვირფასი ლითონის ფასები წელს, საშუალოდ, 42%-ით გაიზრდება. მათივე ეკონომისტების შეფასებით, ომი გლობალურ ეკონომიკას ტალღებად ურტყამს: ჯერ ენერგომატარებლების, შემდეგ კი საკვები პროდუქტების ფასები იზრდება, რასაც ინფლაციის დაჩქარება მოჰყვება. ეს ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ, რაც სესხის აღებას უფრო გააძვირებს. „ყველაზე მეტად მოსახლეობის უღარიბესი ფენა დაზარალდება, რომლებიც თავისი შემოსავლის უდიდეს წილს საკვებსა და საწვავზე ხარჯავენ. ასევე, ზარალდებიან განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ისედაც მაღალი ვალის ტვირთს ებრძვიან,“ - წერენ ბანკის ექსპერტები. მსოფლიო ბანკის ახალი საბაზისო პროგნოზით, წელს განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5.1%-ი იქნება, რაც იანვრის პროგნოზზე სრული პროცენტული პუნქტით მეტია. ნედლეულზე ფასების საერთო ზრდა 16%-ს შეადგენს, რაც ინფლაციის დაჩქარებასა და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ზრდის შენელებას ხელს შეუწყობს. თუმცა, ნედლეულზე ფასები შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ესკალაციას დაიწყებს ან მიწოდებაზე მისი გავლენა მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდება. თუ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაგრძელდება და ენერგომატარებლების ექსპორტი უფრო ნელა აღდგება, წელს Brent-ის საშუალო ფასმა ბარელზე შესაძლოა, 115 დოლარს მიაღწიოს. ასევე, მსოფლიო ბანკის ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია წელს 5.8%-მდე გაიზრდება