დროებითი კომისია მედიკამენტებზე ფასების შემცირებისთვის აუცილებელ ნაბიჯად რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოებასა და რეგულაციების გაუმჯობესებას მიიჩნევს - Palitra News

დროებითი კომისია მედიკამენტებზე ფასების შემცირებისთვის აუცილებელ ნაბიჯად რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოებასა და რეგულაციების გაუმჯობესებას მიიჩნევს

2026-05-01 20:40:27+04:00

პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტებზე ფასების შემცირებისთვის აუცილებელ ნაბიჯად რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოებასა და რეგულაციების გაუმჯობესებას მიიჩნევს.

კომისიის შეფასებით, მოქმედმა სისტემამ უკვე შეამცირა ფასები და გაზარდა ხელმისაწვდომობა რეგულირებულ სეგმენტში, ამავდროულად ზედმეტი მარჟების შეზღუდვა და ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. კომისიის რეკომენდაციით, სისტემა უნდა გავრცელდეს ფართო სპექტრის მედიკამენტებზე, რაც მოსახლეობისთვის ფასებს დამატებით შეამცირებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ქრონიკული დაავადებების პროგრამის გაფართოებაზე, რომელიც უკვე ასობით ათას ბენეფიციარს მოიცავს და სოციალური მნიშვნელობით გამოირჩევა. კომისია საჭიროდ მიიჩნევს რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას და ბაზარზე ახალი პრეპარატების სწრაფად შემოსვლის ხელშეწყობას.

დამატებით რეკომენდაციებში შედის ბაზრის მუდმივი მონიტორინგისა და მედიკამენტების დეფიციტის პრევენციის ერთიანი სისტემის შექმნა.