„რითეილ ასოციაცია“ - წევრმა კომპანიებმა დაიწყეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რაზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივად იყოს შეთავაზებები - Palitra News

„რითეილ ასოციაცია“ - წევრმა კომპანიებმა დაიწყეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რაზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივად იყოს შეთავაზებები

2026-05-02 15:46:14+04:00

„რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე

მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები - პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე,- ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ასოციაციაა ფასების რეგულირების საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები“,- ნათქვამია განცხადებაში.