გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი,- ამის შესახებ ჰიპერმარკეტი „გუდვილის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გუდვილი“ მზად არის, რომ აქტიურად იყოს ჩართული, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, ასევე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს.
„საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე „რითეილ ასოციაციის“ განცხადებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
მთელი პროცესის განმავლობაში „გუდვილი“ აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას; გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი.
ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი.
იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.
ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, „რითეილ ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის“,- ნათქვამია „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. "ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს", - მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.