ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს - Palitra News

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს

2026-05-03 11:02:26+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.

„ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ

სესიას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.

მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.