სამარყანდში „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) 59-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართა, რითაც ყოველწლიური შეხვედრები ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირები და ADB-ის პრეზიდენტი, მასატო კანდა. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასა და არსებული კრიზისების ფონზე მდგრადი განვითარების საჭიროებაზე.
მიმდინარე შეხვედრები სამ ძირითად მიმართულებას დაფარავს: კლიმატური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებას; ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კერძო სექტორში ინვესტიციების მხარდაჭერას ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
მმართველთა საბჭოს გახსნით სესიას ესწრებოდნენ ADB-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს სახელით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრების ფარგლებში ADB-ის მმართველთა საბჭო დღესვე მოისმენს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებს. ასევე იგეგმება „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მაჩვენებლების შეთანხმება, წლიური გეგმისა და რეზოლუციის დამტკიცება.
შეგახსენებთ, რომ „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.