თუ ადამიანთა ჯგუფი, ან რომელიღაც ბიზნესსტრუქტურა ახლა მაინც აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, არ უნდა ვეცეთ და თითები დავუქნიოთ, აქამდე სად იყავითო - მე პირადად მივესალმებოდი მათ ამ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, ამას გუშინ აკეთებდნენ თუ არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ფასებთან დაკავშირებით ცალკეული კომპანიების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
შარმანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროდუქტებზე ფასები დაიკლებს.
დეპუტატის თქმით, სოციალური პასუხისმგებლობა ყველას აქვს, განსაკუთრებით ბიზნესს და მათ აქვთ საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან.
„მე მაინც მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ფასების კლება მოხდება როგორც საშუალო ვადიან პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერიოდში. იმედია, შემუშავებული იქნება პოლიტიკა გრძელვადიანი პერიოდისთვის. ამას სჭირდება ორივეს ნება - ეს არის სახელმწიფოს ნება და თვითონ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ საკანონმდებლო ნაბიჯებიც იქნება გადასადგმელი, პარლამენტი ამისთვის მზად იქნება. რაც შეეხება ბიზნესს - თვითონაც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ეს პასუხისმგებლობა მათ გააჩნიათ. ამ ქვეყანაში, პატრიოტიზმზე, ჩვენი ხალხის სიყვარულზე და პატივისცემაზე მონოპოლია არავის გვაქვს. თუ ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს რაღაც ვალდებულება, სოციალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, განსაკუთრებით ბიზნესს. მათ აქვთ საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა და თავისი პატრიოტიზმი საჯაროდ გამოიტანონ და ეს ნაბიჯები გადადგან.
თუ ადამიანთა ჯგუფი, ან რომელიღაცა ბიზნესსტრუქტურა ახლა მაინც აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, არ უნდა ვეცეთ და თითები დავუქნიოთ, აქამდე სად იყავითო. ეს ალბათ, სხვადასხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, აქტიურობებზე, ამ კვლევებზე. შეიძლება, ამ კვლევებმა მათაც დაანახა რეზერვი, რომელიც მათვე გააჩნიათ, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. მე პირადად მივესალმებოდი მათ ამ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, ამას გუშინ აკეთებდნენ თუ არა", - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ნიკორა სუპერმარკეტმა“ განაცხადა, რომ ფასებს განაახლებს და ყოველდღიურ პროდუქტებს „კიდევ უფრო ხელმისაწვდომს“ გახდის. განცხადება გაავრცელა „დეილი ჯგუფმაც“ და აღნიშნა, რომ „შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს“. კიდევ ერთმა კომპანიამ „გუდვილმა“ კი განაცხადა, რომ „ფასების დაწევის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები".