საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ქვეყნის სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ალდაგი“ შეუერთდა, რომელიც ბაზარზე 35-წლიანი გამოცდილებითაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ „ალდაგი“ დღესაც ინარჩუნებს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის სტატუსს, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.
ინოვაციურობისთვის კომპანიას მიღებული აქვს Global Compact Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო. 500-მდე პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს, რომ ალდაგი დარჩეს ყველაზე აღიარებულ ბრენდად და მომავალზე ორიენტირებულ პარტნიორად, რომელიც მომხმარებელს ევროპული სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა ისეთი მაღალი რეპუტაციისა და მყარი ფინანსური მაჩვენებლების მქონე კომპანია, როგორიც „ალდაგია“. სადაზღვევო სექტორის განვითარება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში ბიზნესის მდგრადობისა და ეკონომიკური სტაბილურობის. დარწმუნებული ვარ, „ალდაგის“ მრავალწლიანი გამოცდილება, მათი ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება მნიშვნელოვან ღირებულებას შემატებს ჩვენს ასოციაციას. მივესალმები ჩვენს დიდ ბიზნეს გაერთიანებაში და მზად ვართ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.