აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა - Palitra News

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა

2026-05-04 18:34:44+04:00

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების“ მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „კომერციული მიმოსვლის აღდგენის ძალისხმევას მხარს აქტიურად უჭერენ“.

„როგორც პირველი ნაბიჯი, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა წარმატებით გაიარა ჰორმუზის სრუტე და ახლა უსაფრთხოდ განაგრძობს სვლას“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ამასთან, გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის ძალის გამოყენების წესები შეიცვალა და უფლება მიეცათ, რომ ცეცხლი გაუხსნან იმ სამიზნეებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.