ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პრემიერ მინისტრმა კაია კალასის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები არის სამწუხარო და არ არის სამართლიანი.
„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები სამწუხაროა. ზოგადად, თქვენ იცით, როგორია კონტექსტი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა და მასში ჩართული იყვნენ გარედან ჩართული სუბიექტები, მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედია საშუალებები და ა.შ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, ეს არის რეალობა, ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ და ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დანარჩენი სამწუხაროა, ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მომავალში ჩანაცვლდება სამართლიანი განცხადებებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ უჭირს ხელისუფლებას პარტნიორების დარწმუნება და რატომ ისმის კრიტიკა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ ჭრის“.
„დარწმუნებაზე არაა საუბარი, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, რიოთ დაიწყო ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის. თავის დროზე იყო პირდაპირ ომში ჩართვის მოთხოვნა, პირდაპირ გაჟღერდა ეს მოთხოვნა კონკრეტულ შეხვედრაზე და ამას მოჰყვა შემდეგ შანტაჟი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში და ამ ყველაფერში ვიღაც-ვიღაცებმა ჩართეს ევროპული ბიუროკრატიაც, ეს არის საერთო კონტექსტი. როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ ჭრის, იქ არის შიშველი პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ გამოიყენონ ევროპული ბიუროკრატია ამ ინტერესების გასატარებლად.
ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასევე ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. ეს არის პოლიტიკა, სამწუხაროდ პოლიტიკაში არის ბევრი სიბინძურე, მათ შორის ევროპაშიც და მთავარია, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. სამწუხაროდ ასეთი ვითარებაა დღეს შექმნილი, რომ ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები. ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება“, - განაცხადა პრემიერმა.