უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს შორის არის - ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განვავითაროთ , - ეს განცხადება მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
აქვე ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ “საქართველოს მთელი ამ ხსნის განმავლობაში აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც უკრაინასთან დამოკიდებულებას და უკრაინის მხარდაჭერას ეხება“
მისივე თქმით, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება ვიხილოთ“.
“შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. შეხვედრა ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. შეხვედრამ რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ შევხებოდით იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია.
საუბარი იყო იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც საერთაშორისო ფორმატებში არაერთხელ გამოგვიხატავს, სადაც ეს შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.