სომხეთი საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის წლევანდელი დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. სამიტზე იმყოფებიან ევროკავშირის წამყვანი ფიგურები, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა და კაია კალასი, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ფარგლებში სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები კი ძირითად ყურადღებას რეგიონულ უსაფრთხოებასა და ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ამახვილებენ. ამასთანავე, დისკუსიები კონტინენტის სტაბილურობის პერსპექტივებს ეხება.