სალომე სამადაშვილი - დღეს ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, როგორმე ამოწერონ პუტინის მოკავშირეების სიიდან და გაუუქმონ სანქციები, დიპლომატია მოტივირებულია მისი დღის წესრიგით და არა საქართველოს ინტერესებით - Palitra News

სალომე სამადაშვილი - დღეს ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, როგორმე ამოწერონ პუტინის მოკავშირეების სიიდან და გაუუქმონ სანქციები, დიპლომატია მოტივირებულია მისი დღის წესრიგით და არა საქართველოს ინტერესებით

2026-05-04 23:10:16+04:00

მსგავს შეკრებებზე ღარიბი ნათესავის როლში რომ ვართ წარმოდგენილი, იმ ანტიევროპული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს რეალური ინტერესია დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება, რაც მისი აზრით, სხვა ხელისუფლების პირობებში უფრო შესაძლებელი იქნებოდა.

„პირველ რიგში, სომხეთს უნდა მივულოცოთ, რომ გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრი და მასპინძელი ქვეყანა, ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის გავლენა ჩვენს რეგიონში ნულდება, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მომგებიანია. მსგავს შეკრებებზე ღარიბი ნათესავის როლში რომ ვართ წარმოდგენილი, ეს არის იმ ანტიევროპული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, თუმცა ვხედავთ, რომ ივანიშვილისთვის დისკომფორტის შემქმნელია ის, რომ ღიად არის შესული პუტინის მოკავშირეების სიაში და სწორედ ამ მიზნით ავლენს საკუთარ წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორუმებზე. დღეს ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, როგორმე ამოწერონ პუტინის მოკავშირეების სიიდან და გაუუქმონ სანქციები. დიპლომატია მოტივირებულია ივანიშვილის დღის წესრიგით და არა საქართველოს ინტერესებით. საქართველოს ინტერესია სწრაფად დავბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სწრაფად დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკეები, რაც შესაძლებელი იქნებოდა სხვა ხელისუფლების პირობებში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.