საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადასტურა, რომ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობისთვის შესაბამისი საღვთისმეტყველო დიპლომი გაცემულია. გადაწყვეტილება ეფუძნება მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის, მიტროპოლიტ ზოსიმეს წერილობით მოწმობას. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, ეს დადგენილება წარმოადგენს სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის იურიდიულ ეფექტს და გამორიცხავს დიპლომის არაღიარებას. მისივე თქმით, სინოდის გადაწყვეტილებას ეკლესიაში უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს და აღემატება ყველა სხვა აქტს. საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ მიტროპოლიტ იობის დიპლომი რეზიდენციიდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და, სავარაუდოდ, მოპარულია.