ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა და მიზეზი არის მათი წარსული, აწმყო და რაც მთავარია ის, რომ გარედან იმართებიან - აანონსებდნენ ხალხში გასვლას, თუმცა ვერ გავიდნენ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა და მიზეზი არის მათი წარსული, აწმყო და რაც მთავარია ის, რომ გარედან იმართებიან - აანონსებდნენ ხალხში გასვლას, თუმცა ვერ გავიდნენ

2026-05-05 12:04:59+04:00

ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა და მიზეზი არის მათი წარსული, მათი აწმყო და რაც მთავარია ის, რომ გარედან იმართებიან - მათ ხალხთან მისასვლელი არანაირი პირი არ აქვთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის რაც ხდება ოპოზიციაში, აძლიერებს „ქართულ ოცნებას“.

„რთული მდგომარეობის მიზეზი არის სხვადასხვა - პირველ რიგში, ეს არის მათი წარსული, ეს არის მათი აწმყო და რაც მთავარია ის, რომ გარედან იმართებიან, შესაბამისად, რასაც გარედან დაავალებენ, იმას აკეთებენ, ისეთ რაღაცებსაც კი აკეთებენ, რაც სუბიექტურადაც კი არ შედის მათ ინტერესებში, ამიტომ ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას. ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ. მათ ხალხთან მისასვლელი არანაირი პირი არ აქვთ და აქედან გამომდინარე, თავიდანვე აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ხალხში ვერ გავიდოდნენ და ვერც გავიდნენ.

მათ არ აქვთ ხალხთან საუბრის არანაირი რესურსი, იმიტომ, რომ მთელი მათი პოლიტიკა აგებულია ქვეყნის ღალატზე, ხალხის ღალატზე, ხალხთან დაპირისპირებაზე, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ისინი თავიდან ბოლომდე არიან მართული გარედან და ყოველ ჯერზე აფიქსირებენ, რომ მათთვის საინტერესოა არა ქართველი ხალხის განწყობა, არამედ გარედან ვიღაცების განწყობა. ასეთ დროს ხალხს, ბუნებრივია, ვერ დაელაპარაკები და ამის გამოხატულებაა ის, რომ ისინი აანონსებდნენ ხალხში გასვლას, თუმცა ხალხში ვერ გავიდნენ", - განაცხადა კობახიძემ.