დავით სიხარულიძე - უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება კრემლის ინტერესებშია - ზელენსკისთვის, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, ამიტომ მან გახსნა საუბრის კარი - Palitra News

დავით სიხარულიძე - უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება კრემლის ინტერესებშია - ზელენსკისთვის, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, ამიტომ მან გახსნა საუბრის კარი

2026-05-05 13:10:20+04:00

ზელენსკი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავისუფალი სამყაროსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული. ამიტომ მან, ხაზგასმით, კიდევ ერთხელ გახსნა საუბრის კარი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.

როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებში შეიძლება იყოს.

„რა თქმა უნდა, ვარაუდია, მაგრამ ჩანს ეს ყველაფერი, რომ ეს [ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა] არის ზელენსკის ინიციატივა. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავისუფალი სამყაროსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული. ამიტომ მან, ხაზგასმით, კიდევ ერთხელ გახსნა საუბრის კარი. მართალი გითხრათ, ვერ დავინახე კობახიძის მხრიდან რაიმე ენთუზიაზმი ან სულისკვეთება ამ მიმართულებით, მაგრამ გასაკვირი არც არის, რადგან ის დიდად გადაწყვეტილების მიმღებად არ გამოიყურება. ალბათ, ამბის წამღებ-წამომღებად გამოიყურება. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია თვითონ კონტექსტი, რა კონტექსტში ხდება. ფუნდამენტური ცვლილება ხდება მთელს კონტინენტზე. უკრაინის წინააღმდეგობამ, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს და თავის სამშობლოს, ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ, დიდი შესაძლებლობები გააჩნია. პრაქტიკულად, სამხრეთ კავკასიაში, ფუნდამენტური, ტექტონიკური ცვლილებები მოხდა. დასრულდა ომი, რომელიც 30 წლის განმავლობაში რუსეთის მანიპულაციის იარაღი იყო. რუსეთი მუდმივად იყენებდა ყარაბაღის ომს იმისთვის, რომ არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთისთვის არ მიეცა განვითარების საშუალება. ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას მინდა აქვე ხაზი გავუსვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერია ალიევი. მშვიდობა დამყარდა მათ შორის, რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ეს მშვიდობა გარდა იმისა, რომ განვითარების შესაძლებლობებია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - განაცხადა სიხარულიძემ.

რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, მისი თქმით, „ეს ურთიერთობა თუ ცუდ მდგომარეობაშია, პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის „ქართულ ოცნებაზე“.

„რუსული რიტორიკა ერთი- ერთზე იყო გადმოტანილი „ქართული ოცნების“ მიერ. გახსოვთ კიდევაც არჩევნების დროს ნიშნის მოგების კონტექსტში დანგრეული უკრაინული ქალაქების ფოტოები იყო საარჩევნო ბანერზე. რაიმე არსებობს რუსული პროპაგანდისტული რიტორიკა, რომელიც „ოცნებას“ ან მის პროპაგანდისტებს არ აქვთ გამეორებული სხვადასხვა კონტექსტში? - არაფერი! ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ზელენსკის ნაბიჯი იყო. მისი მცდელობა, რომ შეწყვიტოს ეს. იმიტომ, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ანუ საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია კარგი ურთიერთობები უკრაინასთან. ასევე, უკრაინის გამარჯვება, რუსეთის დამარცხება და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. საქართველოს მიერ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს კრემლის ინტერესებში. სხვა არანაირი ინტერესი საქართველოსთვის უკრაინასთან, მის ახლანდელ მთავრობასთან ურთიერთობის გაფუჭების არ შეიძლება არსებობდეს. როგორც მაიმუნი იმეორებს ხოლმე, ასევე იყო ეს რიტორიკა გამეორებული. მე არ მომისმენია არანაირი არგუმენტი, რატომ შეიძლება საქართველოს სურდეს ცუდი ურთიერთობები უკრაინასთან ან რა არ მოსწონდეს უკრაინაში. ეს ემოციური სიძულვილი, რომელიც შინაარსობრივად სრულიად აბსურდულია, არის თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდის შედეგი.

არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენო საკუთარი სიმპათიები და ანტიპათიები. შეიძლება ვიღაც ადამიანი, რომელიც დღეს უკრაინაში ცხოვრობს [საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები] არ მოსწონდეს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ეროვნული ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე „ოცნების“ წარმომადგენლების სიმპათიები და ანტიპათიები. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ეს გახდეს პოლიტიკის შემუშავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეს სრულიად აბსურდული გამოხტომებია, ანტიუკრაინული გამოხტომები. საქართველოს მხრიდან უკრაინის ლანძღვა ერთადერთი შეიძლება აწყობდეს რუსეთს. სხვა არ არსებობს დედამიწის ზურგზე ძალა, ქვეყანა, ვისთვისაც ეს კარგი იყოს, საქართველოს ჩათვლით. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასთან კარგი ურთიერთობები, უკრაინის წარმატება, რუსეთის დამარცხება“, - განაცხადა სიხარულიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტს, რომელიც სომხეთში გაიმართა და მასში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი, მხოლოდ და მხოლოდ იყო გზავნილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ „ის სადღაც დადის“.

„ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს ვიზიტი არანაირი შინაარსით დატვირთული არ ყოფილა. არც ორმხრივი შეხვედრები ჰქონია, არც ხაზგასმით მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონია. ჩემი აზრით, ეს ჩასვლა, პირველ რიგში, ემსახურება საკუთარი, შემორჩენილი მომხრეებისთვის პროპაგანდას, რომ, თითქოს, სადღაც დადის. საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ბევრი თემა წყდება ახლა როგორც ასეთ სამიტებზე, ასევე მთლიანად. ის დინამიკა, რაც არსებობს, ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსთვის. ეს შესაძლებლობები არათუ გამოყენებული არაა, არამედ პირიქით, ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში და დატოვოს რუსეთის გავლენის ქვეშ. იმიტომ, რომ საქართველოს იზოლაცია ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას აქ. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ხედვები შეიცვალა და გაფართოება რეალურია. ასევე, ყური მოვკარი, ვითომ ჩვენ დემოკრატიულები არ ვიქნებით, პოლიტპატიმრები გვეყოლება, რეჟიმი გვექნება, სახელმწიფო მიტაცებული, მაგრამ სამაგიეროდ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და მოუწევთ დალაპარაკებაო. რუკას თუ შეხედავთ, ეს ასე არ არის. როცა ბაქო-ჯეიჰანის პროექტი წყდებოდა, მაშინ უმოკლესი გზა სომხეთის გავლით იყო, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო მეტად დემოკრატიული იყო, ასე გადაწყდა ეს საკითხი. ეს არის ყოველდღიური პროპაგანდა, თითქოს, ჩვენ მიღმა არავის გზა არ აქვთ. საქართველოს სიძლიერე, მიმზიდველობა, მომხიბვლელობა, არის იმაში, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი. ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ გვქონოდა კარგი, სხვაზე უკეთესი მმართველობა. ეს იყო ჩვენი მთავარი კოზირი. საქართველოს მომხიბვლელობა არის ამაში. თუ საქართველოში არის ოლიგარქატი, მიტაცებული სახელმწიფო, პოლიტპატიმრები, სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, კლანური ინტერესებით ხელმძღვანელობს მთავრობა, ასეთ სახელმწიფოსთან ბუნებრივია, რომ გრძელვადიანი, სერიოზული, ღრმა პროექტების წარმართვა არავის მოუნდება. ამიტომაა ჩვენთვის ეს იზოლაცია სახიფათო.

თუ შეხედავთ სადამდე არიან დასულები, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მოსალოდნელ ვიზიტზე არის მითოლოგია დაკავშირებული. საქართველოში ჩამოდიოდნენ, ამერიკის პრეზიდენტები, ვიცე -პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები, ეს არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომლის სამუშაო ვიზიტია. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია, მაგრამ ის ყველა ქვეყანაში ჩადის. ძალიან მკაფიო გზავნილი იყო შეერთებული შტატებიდან რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისკენ წავიდეთ. თუ გვსურს აქ არის მკაფიო გზამკვლევი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შეწყვეტა, ნორმალური არჩევნების ჩატარება და ველური რუსული პროპაგანდის შეწყვეტა.

რომ დავუბრუნდეთ ისევ სამიტს და სომხეთს, სად იყო ის და ახლა სადაა, გეტყვით, რომ სომხეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ფაშინიანი იქნება სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელსაც ეროვნული ინტერესების წინ წაწევაში გამორჩეული როლი აქვს. ბევრი რამ რა რეფორმებიც ჩვენ გავიარეთ, ზოგიერთი მათგანი კიდევ გასატარებელი აქვს ფაშინიანს, მაგრამ დინამიკა არის სწრაფი და წინ მიმართული. სამწუხაროდ, საქართველოს მხარე ცდილობს, რომ სომხეთის ძველ ვერსიად გადაიქცეს, როცა მთელი ქვეყნის პოლიტიკა კორუფციული სქემები იყო. რაც შეეხება რუსეთის როლს და პოზიციას, რატომ არ ერევა, არ კი არა ვერ ერევა, რუსეთის შესაძლებლობები განსაკუთრებით შეზღუდულია. ფაშინიანის მოქმედება არის აწყობილი და აკეთებს არა იმას, რაც შეიძლება პოპულარული იყოს, არამედ იმას რაც სწორია სომხეთისთვის. ამან მოიტანა მისი, როგორც ლიდერად ჩამოყალიბება“,- განაცხადა სიხარულიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ