ნანა სანდერი - ციხეში არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემს უფლებებს დაიცავს - ციხის პერსონალმა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის და რომ აქ არავის ვჭირდები - Palitra News

ნანა სანდერი - ციხეში არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემს უფლებებს დაიცავს - ციხის პერსონალმა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის და რომ აქ არავის ვჭირდები

2026-05-05 13:15:41+04:00

ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა, მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა - მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის არ ვჭირდები,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ციხეში თავის უფლებებს ვერ იცავს.

„ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის არ ვჭირდები და გერმანიაში უნდა წავიდე, ჩემი გვარიდან გამომდინარე. მინდოდა, რომ მონიტორინგის სამსახურში დამერეკა და ამის საშუალებას არ მაძლევდა. არც სახალხო დამცველის ცხელი ხაზი არ ფუნქციონირებს. ერთადერთი, სადაც დარეკვა მოვახერხე, ეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო.

ციხეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს. შევედი აბაზანაში და ვენის გადაჭრა ვცადე. დავუძახე ექიმს და თან შემომიტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ მაქვს.

მეოთხე დღეს შემოვიდა გამომძიებელი ავთანდილ სიჭინავა, რომელიც დანაშაულის დაფარვას ცდილობდა; უკანონობაზე მეუბნებოდა, რომ ეს კანონიერი იყო. ისეთი ჩვენება შეადგინა, საიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ. ის ჩემს დაკითხვას ცდილობდა 4 ოქტომბრის საქმეზე.

სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოა ციხე, სადაც ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მე თუ ტექნიკურად არ შემიძლია, რომ გარეთ ვინმეს ხმა მივაწვდინო, რითი დავიცვა ჩემი უფლებები.

ასევე, ციხეში მოხდა ხანძარი, იმ კუნძულზე, სადაც მე ვიმყოფები. ციხის დირექტორს, რომელიც კვამლისგან იხრჩობოდა და იგუდებოდა, ვეუბნებოდი, რომ რაიმე გაეღო, რომ ჰაერს მოძრაობა შესძლებოდა, რადგან ეს კვამლი ჩვენთან შემოდიოდა. ერთ პატიმარს თვალები ეწვოდა, მე ყველაფერი. ციხის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომელ, ნინო ქუთათელაძეს ვეუბნებოდი, რომ ჟანგბადი მჭირდებოდა, მაგრამ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ - "სად არის კვამლიო". ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში კვამლის დეტექტორს ვითხოვდი, რაზეც უსაფრთხოების თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც ციხის კარების სარკმელზე ხელი ამირტყა და ოთხი თითი დამიზიანა.

ვითხოვ კამერების ამოღებას, სადაც გამოჩნდება, ხანძრის დროს რა მდგომარეობაში ვიყავი, ასევე 28 აპრილის ვიდეოჩანაწერებს, როდესაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მივედი",- განაცხადა ნანა სანდერმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს - ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.