თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით  მგზავრობა გაძვირდა - Palitra News

თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით  მგზავრობა გაძვირდა

2026-05-05 13:47:34+04:00

თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. საუბარია მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე, სადაც რამდენიმე მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 5 ლარით გაიზარდა. მიზეზად საწვავის გაძვირება სახელდება. ამ ეტაპზე ფასის ცვლილება შეეხო ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებებს, სადაც მგზავრობის ღირებულება 15-დან 20 ლარამდე გაიზარდა. ფასი გაზრდილია მგზავრთგადაყვანაზე კახეთის მიმართულებითაც. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტარიფები ისეთმა მსხვილმა სატრანსპორტო კომპანიებმაც შეცვალეს, როგორიცაა Metro Georgia, Omnibus Express და Georgian Bus. ფასნამატი აქაც ერთ სამგზავრო ბილეთზე საშუალოდ ხუთ ლარს შეადგენს, ხოლო მიზეზი იდენტურია, ქვეყანაში დიზელის ფასი მნიშვნელოვნად გასცდა 4 ლარიან ნიშნულს. საწვავის ფასის ზრდის დინამიკას კარგად აღწერს საერთაშორისო ფასები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. 2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 709 დოლარი იყო, ხოლო დიზელის - 740 დოლარი. აპრილში, ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 1060 დოლარამდე გაიზარდა, დიზელი კი 1302 დოლარამდე გაძვირდა.