ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ - ასევე, ვიზიარებ ინიციატივას სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნაზე - Palitra News

ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ - ასევე, ვიზიარებ ინიციატივას სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნაზე

2026-05-05 13:56:02+04:00

ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ,- ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, „ქართულ ქარტიაში“ ორი ცვლილება შეიტანონ.

როგორც ხოშტარია წერს, ის ასევე იზიარებს ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი „ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად“.

„სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად. ასევე ვიზიარებ მის სულისკვეთებასაც, რომ დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ“, - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერებს ორ ცვლილებას სთავაზობს. კერძოდ, როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ქართულ ქარტიაში“ უნდა ჩაეწეროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტების ბიუჯეტიდან დაფინანსება და შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება „კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები“.