დიმიტრი ცქიტიშვილი - ზელენსკი ხვდება ყველას, მათ შორის მათ, ვინც პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, კობახიძესთან საუბრის ძირითადი არსი იქნებოდა რუსეთის გავლენების შეკავება, მაკრონის ღიმილი არის მხოლოდ ზრდილობა - Palitra News

დიმიტრი ცქიტიშვილი - ზელენსკი ხვდება ყველას, მათ შორის მათ, ვინც პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, კობახიძესთან საუბრის ძირითადი არსი იქნებოდა რუსეთის გავლენების შეკავება, მაკრონის ღიმილი არის მხოლოდ ზრდილობა

2026-05-05 14:00:40+04:00

წუხანდელი შეხვედრები, დიპლომატიური ეტიკეტი, რევერანსები ჩვეულებრივი ამბავია - მათ შორის ვნახეთ, შიდაევროპულ დისკურსში დაპირისპირებულები ერთად რომ იღებენ სურათებს. წინააღმდეგობების მიუხედავად, მათ ეს ეტიკეტი აქვთ. „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ყველანაირი ზნე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ შეხვედრებს.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, მტრებიც კი არ ესაუბრებიან ერთმანეთს ისე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესაუბრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს.

„[ემანუელ მაკრონის ღიმილი] ეს არის მხოლოდ ზრდილობა, მათ შორის წუხანდელი შეხვედრები, დიპლომატიური ეტიკეტი, რევერანსები ჩვეულებრივი ამბავია. ევროპული პოლიტიკა ასე ტარდება. მათ შორის ვნახეთ, შიდაევროპულ დისკურსში დაპირისპირებულები ერთად რომ იღებენ სურათებს. წინააღმდეგობების მიუხედავად, მათ ეს ეტიკეტი აქვთ. „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ყველანაირი ზნე. მტრებიც კი არ ესაუბრებიან ერთმანეთს ისე, როგორც ისინი ესაუბრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს. სახელმწიფო ლიდერები: „ცუდებით“ და „კარგებით“ ასე არ საუბრობენ. სამიტში საქართველოს ჩართულობა იყო ნომინალური, არადა, იზოლაცია არ სჭირდება საქართველოს. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არ აქვს“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ირაკლი კობახიძის შეხვედრას, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ შეხვედრის საუბრის ძირითადი არსი რუსეთის გავლენების შეკავება იქნებოდა.

“პრეზიდენტი ზელენსკი ხვდება ყველას, მათ შორის, იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას ღიად ატარებს. ზელენსკი საკმაოდ დინამიკური პოლიტიკოსია, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში უწევს პოლიტიკის წარმოება. ზელენსკიმ ჩათვალა მნიშვნელოვნად, რომ თავისი სათქმელი მიეტანა. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძირითადი არსი იქნებოდა რუსეთის გავლენების შეკავება, ეს მათ შორის უკრაინის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, მაგრამ არ არის სამწუხაროდ, დღევანდელი მმართველების ინტერესებში. ეს ორი განსხვავებული ინტერესი იწვევს გაუცხოებას, ურთიერთობების გაუარესებას პარტნიორებთან და ისეთი ტიპის საუბრებს, რომელიც აქამდე შეიძლება წარმოუდგენელიც ყოფილიყო.

ფაქტია, კომუნიკაცია შედგა. ეს არ არის ცუდი, კარგია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. მე არ მაქვს იმედი, რომ დღევანდელი ფიქტიური მმართველები გადაიაზრებენ და რაიმეს შეცვლიან. მაინც და მაინც ტრანსფორმაციას კი არ ველოდებით, საჭიროა, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის იმედი არ მაქვს. გარდა იმისა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა იყო მოკლე და არაოფიციალური, სხვა შეხვედრა არ შემდგარა. მთელი ევროპის ლიდერები იყვნენ წარმოდგენილები. მხოლოდ ბერსესთან იყო შეხვედრა, რომელიც საეჭვოდ იქცევა, არაადეკვატურადაც მისი სტატუსიდან და პოზიციიდან გამომდინარე ბოლო 2 წელია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ის გამოეხმაურა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნასა და ასევე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე ფასების გადახედვის თაობაზე ქსელური მარკეტების პოზიციას. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობასა და ბიზნესს შორის გარკვეული ფარული გარიგება არსებობს.

„მგონია, რომ ეს არის გარკვეული ფარული გარიგება. სახელმწიფომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა იმისთვის, რომ გაძვირებული ფასებით ცოტა მაინც შეამსუბუქოს მდგომარეობა. იციან, რომ ეს მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შესაძლოა, სოციალური აფეთქება მოჰყვეს ამას. სრულიად არაადეკვატურია გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბდეს პროდუქტების კალათა. როგორ ჩამოყალიბდება? ვინ გადაწყვეტს? თუ ფასის დაკლებაზე იქნება საუბარი, ასევე საუბარი იქნება ფასის ზრდაზე სხვა კატეგორიის პროდუქტზე. ეს კარტელური შეთანხმებაა. გადაწყვეტილებები აბსურდულია, თავიდანვე ვიცოდით, რომ ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.