ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები. მათ შორის, როცა ძალიან მაღალია საკითხის არაგონივრულად გადაწყვეტის რისკები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „მდგომარეობა კარგად არის შესაფასებელი და ამ შეჯერებული პოზიციების საფუძველზე უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილებები, ისეთი, რომელიც რეალურად დაეხმარება იმ ბავშვებს, ვისაც ეს წამალი სჭირდებათ“.
„ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეიძლება დაშვება არასწორი ინტერპრეტაციების, ვინმესთვის იმედის გადაწურვის, ან პირიქით, არასწორი მოლოდინების შექმნის ან ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებულ სენსიტიურობასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შესწავლასა და გაანალიზებას. ეს ნიშნავს ძალიან სერიოზული სამუშაოს ჩატარებას. ჩვენ არასდროს დაგვიხურავს კარი რომელიმე მშობლისთვის, რომელიმე დაინტერესებული პირისთვის, რომ მოსულიყო და სრულფასოვნად, სრული ინფორმაცია მიეღო ჩვენგან. ეს წინადადება ძალაში რჩება.
უნდა გავიმეორე ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ არცერთი თანხა არ იქნება დაზოგილი, ან დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარი ეხება რეალურად არსებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის უსაფრთხოებაც ეჭვქვეშ არ დგას და რომელსაც შეუძლია რეალური ეფექტების მოტანა. ეს საკითხის შესწავლის და შეფასების პროცესი სერიოზული საქმეა. ეს უნდა განიხილებოდეს მათ შორის სპეციალისტების ჩართულობით, მათ შორის, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისთვის არ კმარა რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაისურზე რაღაც წარწერის გაკეთება. ეს აუცილებლად საჭიროებს, სიღრმისეულ, მეცნიერულ შეფასებასა და გამოკვლევას. რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები. მათ შორის, როცა ძალიან მაღალია საკითხის არაგონივრულად გადაწყვეტის რისკები.
ამიტომ მდგომარეობა კარგად არის შესაფასებელი და ამ შეჯერებული პოზიციების საფუძველზე უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილებები, ისეთი, რომელიც რეალურად დაეხმარება იმ ბავშვებს, ვისაც ეს წამალი სჭირდებათ“,- განაცხადა სარჯველაძემ.