შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, რეზოლუციის ავტორია - ევროპარლამენტი თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, რეზოლუციის ავტორია - ევროპარლამენტი თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა

2026-05-05 14:56:20+04:00

რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, ამ რეზოლუციის ავტორია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც „საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე“.

„რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ მორიგ მტრულ ანგარიშს, თუ რეზოლუციას, რაც მზადდება, ამაში ახალი არაფერია. კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე. თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა. რაც გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს ევროპარლამენტის რიგებში, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები. ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი იღებს დღეს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს.

ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი არის იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია. რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, ამ რეზოლუციის ავტორია.

მას ეკუთვნის განცხადებები: „ქართული ოცნება“ ეს არის ინფექცია“, რაც ფაშისტური ნარატივია. ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები. რაც შეეხება ჩანაწერებს, მედიას, მედიის თავისუფლებას, გუშინაც ვიხილეთ ბრიტანეთის საელჩოს სტატია, რომელსაც რამდენიმე სხვა საელჩოც უერთდებოდა. ეს არის ის ფარისევლობა, რასაც დღითიდღე ვაკვირდებით ბრიუსელიდან, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან, როდესაც ვხედავთ, თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ, როგორც თავისუფალი მედიის ჭირისუფლები. სინამდვილეში, ისინი, ვინც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, რომლებმაც მედია პროპაგანდის ინსტრუმენტად აქციეს, დღეს წარმოაჩენენ თავს თითქოს მედიის დამცველები არიან“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, „ბრიუსელი და უცხოური დაფინანსებაა სწორედ ის, ვინც საქართველოში კლავს თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის“.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გადახედვასთან დაკავშირებულ კითხვას, გრძნობს თუ არა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტებით“.

„ევროპარლამენტს რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი ნუ დაგველაპარაკება ჩვენ რაიმე ღირებულებაზე, რაიმე წესებზე, რაიმე კანონზე, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

როდესაც ხარ დიქტატორის, მწამებლის, კორუმპირებული ადამიანის ფანკლუბის წევრი, ეს არის განაჩენი.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ამაში გასაკვირი არაფერია. როგორც სხვა დროს ცდილობდნენ, რომ დაგვაზიანონ, საბოლოო ჯამში ამას ვერ მიიღებენ. მთავარ რამეს ვერ მიიღებენ, ქართველმა ხალხმა იმოქმედოს მათი პოლიტიკური დღის წესრიგით.

არც ქართული ჟურნალისტიკა აინტერესებთ, არც ქართველი ხალხის კარგად ყოფნა, ერთადერთი, რაც იუკნევიჩიანეს და მსგავს აკვიატებული აზრების მქონე ადამიანებს აინტერესებთ, არის რომ საქართველო გამოიყენონ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ დანახული, როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, ისინი სხვა დანიშნულებას ჩვენ ხალხში ვერ ხედავენ“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.