საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გიუმრიში 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მაცხოვრებლებს ესაუბრნენ.
მოგვიანებით ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი” კონცერტს დაესწრნენ.
ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით. შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. განახლებული ხელშეკრულებით რუსეთმა ვალდებულება აიღო, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოს სომხეთის სრული სამხედრო უსაფრთხოება, რუსეთი ასევე, დათანხმდა სომხური მხარის დახმარებას თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფაში.