მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - Palitra News

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია

2026-05-05 20:42:58+04:00

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია. ის უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა და წლების განმავლობაში ფონდ „ქართუს“ პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირი საკუთარი სამსახურებრივი პოზიციისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული კავშირების გამოყენებით, სისტემურად აგროვებდა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადასცემდა ინფორმაციას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

სუს-ის განმარტებით, დაკავებულს უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა კონსპირაციული, სისტემატური კავშირი. კომუნიკაცია მიმდინარეობდა დაშიფრული არხებით, ხოლო შეხვედრები იმართებოდა წინასწარ შეთანხმებული პირობებით სხვადასხვა ლოკაციაზე. ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა როგორც პირისპირ, ასევე ელექტრონული საშუალებებით.

გამოძიების ცნობით, გადაცემული მასალა მოიცავდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს, უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს. ასევე დგინდება, რომ ბრალდებული მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, მედიაწარმომადგენლების ჩასართავად და დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.